გიორგი ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) – ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი. 1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები (“ენათმეცნიერების შესავალი”, 1918-1919; “სანსკრიტი”, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა. ახვლედიანმა იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება”.
დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

