გიორგი ჩიტაია (დ. 10 ნოემბერი, 1890, ფოთი — გ. 28 აგვისტო, 1986, თბილისი)
ისტორიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1911 წელს დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ქართულ-სომხური ფილოლოგიის სპეციალობით.
1917 წელს გ. ჩიტაია საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა მეცნიერულ მოღვაწეობას. მან საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა ახალგაზრდა კადრები. მისი ფასდაუდებელი ღვაწლის შედეგია 1960 წელს თბილისში დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. იგი ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებულ ეთნოგრაფიის კათედრას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს მეუღლე – ვერა ბარდაველიძე (დ. 17 სექტემბერი, 1899, თბილისი — გ. 23 ოქტომბერი, 1970, იქვე) – ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1963).

