გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 — გ. 28 დეკემბერი, 1800) – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დილის 11 საათზე, დასაფლავებულია სვეტიცხოველში.

