კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ყიფიანი (1908-1986)
პოეტი
დაიბადა 1908 წელს ქუთაისში, ვაჭრის ოჯახში. 1918–20 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ მე–7 დაწყებით სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს, სწავლა განაგრძო ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (ყოფილი კლასიკური გიმნაზია).
მწერლობისადმი ინტერესი გიორგი ყიფიანმა მოწაფეობის წლებშივე გამოავლინა. ჭაბუკობიდანვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, 1929 წელს კი იძულებული გახდა სამშობლოდან გახიზნულიყო.
1935 წელს დავით ხელაძის მიერ პარიზში გამოიცა გიორგი ყიფიანის ლექსების პირველი წიგნი. მას შემდეგ იგი კიდევ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი გახდა: კერძოდ, 1951 წელს, ასევე დავით ხელაძის მიერ, პარიზში დაიბეჭდა მისი „რჩეული შაირების კრებული“. 1965 და 1973 წლებში ვიქტორ ნოზაძემ განახორციელა გიორგი ყიფიანის კიდევ ორი პოეტური კრებულის გამოცემა – „ლექსები, 1930–1965“ და „პოეზიის და სიცოცხლის ვაზი, 1965–1973“.
ემიგრანტ შოთა ბერეჟიანის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გიორგი ყიფიანი თურმე ერთხანს დიაკონის მოვალეობასაც ასრულებდა. იგი იყო აქტიური წევრი „ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოებისა“ და სამოციანი წლებიდან სიკვდილამდე მისი თავმჯდომარე.
გიორგი ყიფიანი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. მის საფლავს ამშვენებს მარმარილოს ქვის ძეგლი, რომელზედაც ამოტვიფრულია ეტრატის გრაგნილი კალმით და ფრანგული წარწერით: „პოეტი“ (“Le Poete”)…
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments