გიორგი ზარიძე (დ [16 მაისი], ახალი სტილით [29 მაისი], 1908, თბილისი— გ. 12 თებერვალი 2002, თბილისი) – გეოლოგი და პეტროლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). საფრანგეთის, სერბეთის და გერმანიის გეოლოგიური საზოგადოებების წევრი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1938-39 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1956 წლის 9 მარტს ქალაქ თბილისში საბჭოთა არმიის მიერ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა სისხლიც დაიღვარა, გიორგი ზარიძემ შეუძლებლად ჩათვალა დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად და პირადი განცხადების საფუძველზე ამ თანამდებობიდან განთავისუფლდა. 1992 წელს გამოჩენილი ქართველ მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია, რომლის უცვლელი საპატიო პრეზიდენტი იყო გარდაცვალებამდე. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

