გივი ახვლედიანი (17.07.1918, თბილისი – 29.08.2003, მოსკოვი (რუსეთი)
ფრენბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
თამაშობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში(1946–1948), თბილისის “მეცნიერებასა”(1949–1950), თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სპორტულ კლუბში(1951, 1953–1955), სამხედრო–საჰაერო ძალების კლუბში(1952), “ლოკომოტივში”, მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). იყო სსრკ ვაჟთა(1957–1966) და ქალთა(1967–1976) ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის “დინამოს” ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი(1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ(1960, 62) და “დინამომ”(1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში(აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში.
დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე, მოსკოვი.
