გივი მარგველაშვილი (დ. 14 დეკემბერი, 1927, ბერლინი, გერმანია — გ. 13 მარტი, 2020, თბილისი)
ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი.
დაიბადა ბერლინში. მამას — ტიტე მარგველაშვილს — უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. მან 1913 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ისტორიის დარგში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და გიმნაზიის მასწავლებლობას შეუდგა ქუთაისში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიხვეწა გერმანიაში. გივი მარგველაშვილის დედა — ასევე ქართველი ემიგრანტი, გვარად ხეჩინაშვილი — ადრე გარდაიცვალა, როცა გივი მარგველაშვილი და მისი უფროსი და ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტიტე მარგველაშვილი, რომელიც ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის, 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მას თან ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრეტილ იქნა, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა. მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი. შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში — მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი. 2011 წლიდან მწერალი ცხოვრობდა თბილისში. 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის გივი მარგველაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ბატონებმა ვაჟა მეგრელიძემ და როინ დავითაძემ. რისთვისაც ვუხდით მადლობას.
