გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე (1923-2011) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე. დაიბადა 1923 წლის 19 აპრილს, ქუთაისში. გოგილო ნიკოლაძის ძირითადი ნამუშევრებია: „ახალგაზრდა მაიაკოვსკი (ქუთაისის პირველი სკოლის სკვერი, ბრინჯაო), სამამულო ომის მემორიალი (ქ. ნაზივაევსკი) და სხვ. მასვე ეკუთვნის გამოჩენილ პირთა შესანიშნავი პორტრეტები – გამორჩეულია „მეუღლის პორტრეტი“ (1979), „მამის პორტრეტი“ (1970), „გაზაფხული“ (1979) და სხვ. გოგილო ნიკოლაძე საქალაქო და რესპუბლიკური გამოფენების აქტიური მონაწილე იყო. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ქუთაისში (1972) და თბილისში (1973). მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში. გოგილო ნიკოლაძის მოგონებები და ჩანაწერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა საქალაქო პრესაში, ქუთაისის საუკეთესო კულტურული ტრადიციების კოლორიტული ხიბლითაა აღსავსე. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

