გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია).
გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან — შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

