კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ წულუკიძე (1889-1950)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
1913 წელს დაამთავრა ქ. ლეობენის უმაღლესი სამთო სასწავლებელი და იმჟამად რუსეთის იმპერიაში მოქმედი კანონის გამო იძულებული შეიქმნა შესულიყო ქ. ეკატერინოსლავის სამთო ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1914 წელს და დაიწყო საინჟინერო მოღვაწეობა გროზნოს ნავთობის სარეწებში.
1918 წელს გრ. წულუკიძე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ტყიბულის ნახშირის მომპოვებელ საწარმოებში, ჯერ მმართველის მოადგილედ (მთავარ ინჟინრად), შემდეგ კი მმართველად.
1922 წელს გრ. წულუკიძე დაინიშნა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (სმუ-ს) ახლად ჩამოყალიბებული სამთო კომიტეტის თავმჯდომარედ. სამთო კომიტეტში მუშაობის პერიოდში დიდი იყო ბატონი გრიგოლის როლი ჭიათურის მანგანუმის მრეწველობის აღდგენა-განვითარების საქმეში. სწორედ მაშინ მოხდა ჭიათურის მრავალრიცხოვანი საწარმოების ნაციონალიზაცია (1923-24 წწ.), რეგიონში ამერიკული ფირმის “ჰარიმანი და კომპანია” შემოსვლა და აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისი გაწვევა (1925-28 წწ.) ჭიათურის მანგანტრესტის დაარსება (1928) და მანგანუმის მადნის მომპოვებელ-გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენა-განვითარება (1928 წლის შემდეგ).
1923 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით გრ. წულუკიძე დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადჩამოყალიბებული პოლიტექნიკური ფაკულტეტის კათედრის ხელმძღვანელად.
1928-37 წლებში გრ. წულუკიძე მუშაობდა ჯერ სამთო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, შემდეგ კი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო და სამეცნიერო ნაწილში. 1930 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.
1939 წელს გრ. წულუკიძემ პირველმა ქართველმა ინჟინერმა და მეცნიერმა მოსკოვის სამთო აკადემიაში დაიცვა დისერტაცია ტექ. მეცნ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments