გურამ ბზვანელი (დ. 3 აგვისტო, 1934 — გ. 18 მაისი, 2015) – კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1954-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საფეიქრო ფაკულტეტზე. ეს წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის პოპულარობა მალე გასცდა თბილისის ფარგლებს და მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, გასტროლები ჰქონდათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში, 1957 წელს გეპეის კვარტეტი თავის ორკესტრთან ერთად გამოვიდა ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეექვსე მსოფლიო ფესტივალში, რომელსაც მოსკოვმა უმასპინძლა. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. ეს იყო ერთადერთი თვითშემოქმედი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს კილდო მოიპოვა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბზვანელი მუსიკალური ცოდნის გაღმავების მიზნით თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლობდა, 1960-1965 წლებში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა 23-ე საშუალო სკოლის სამუსიკო ათწლედის ხელმძღვანელად, მინიატურების სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ ნაწილის გამგედ, ხოლო 1988 წლიდან მუშაობდა თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად. 2015 წლის 18 მაისს გურამ ბზვანელი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

