გურამ მელივა (1933-2014) – რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, “ხელოვნების ქურუმის” წოდების მფლობელი. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი, 1964 წელს დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია – საოპერო რეჟისურის განხრით, 1967 წელს კი ბერლინის “Kომისცჰე Oპერა”-ში გაიარა სტაჟირება ვალტერ ფელზენშტაინის ხელმძღვანელობით. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობა გურამ მელივამ 1957 წლიდან დაუკავშირა; 1965-1975 წლებში ამ თეატრის დამდგმელი რეჟისორი იყო, 1982-2002 წლებში – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, 2003-2004 წლებში – თეატრის სამხატვრო კოლეგიის თავმჯდომარე, 2005 წლიდან კი კვლავ თეატრის რეჟისორის თანამდებობას დაუბრუნდა. 1975-1983 წლებში გურამ მელივას მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი რეჟისორის თანამდებობა ეკავა. მას დადგმული აქვს 100-ზე მეტი საოპერო სპექტაკლი და მუსიკალურ სანახაობა საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

