გურამ პატარაია (დ. 14 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 25 ნოემბერი, 1983) –
კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1952 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად სოხუმში, გორში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, მოსკოვის თეატრ მალაია ბრონაიაზე. 1959 წლიდან გ. პატარაია საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფიმების სტუდიის მთავარი დირექტორია, ხოლო, 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის ტელეფიმების სტუდიაშია, სადაც შექმნა შესანიშნავი მხატვრული მხატვრული ფიმები „რეკორდი“, „ხანძარი“, „სიყვარული და პომპიერო“, „კუჩხი ბედინერი“. მაგრამ ქართველი მაყურებლის ხსოვნაში დაუცხრომელი და მაძიებელი ხელოვანი უწინარეს ყოვლისა დარჩება როგორც ისეთი ფილმების დამდგმელი-რეჟისორი როგორებიცაა: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „ათონის მატიანე“, „ტაო-კლარჯეთი“, „შორია გურჯისტანამდე“, „მეზობლების მიწაზე“. ფაქტიურად ამით სათავე დაედო საქართველოს გარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას.
გურამ პატარაია გარდაიცვალა 1983 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
