გურამ შარაძე (დ. 17 ოქტომბერი 1940, გურიანთა, ოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი, 2007, თბილისი) – ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“. 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლულ იქნა თბილისის ცენტრში. დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე.

