ჰაიდარ აბაშიძე (დ. 15 აგვისტო, 1893, ბათუმი — გ. 3 იანვარი, 1966, თბილისი) –
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 წლებში სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 წელს დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს. 1918-1920 წლებში იყო “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ბენედიქტე მაღლაკელიძე (1907-1974) – ექიმი, პრეპარატ “კამელინის” შემქმნელი.

