ცინცაძე იაკობ – (ფსევდონიმები: ეკალაძე ია, თომაანთ კობა) (დ. – 23.III.1872 სოფ. ციმისი, თერგის ოლქი – გ. – 11.X.1933) – მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ვექილი. 1894 გაზეთ „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა. 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი (1911). 1912-1913 წლებში მუშაობდა გაზეთის „ქართული“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წლებში კი – გაზეთის „სამშობლო“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იდგმებოდა მისი პიესები. 14.X.1919 სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. 1919 წელს იყო ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920-1923 წლებში – ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 7.V.1920 მწერალთა საბჭომ, საქართველოს დიდ ქალაქებში გამართა პირველი ტრადიციული „პოეზიის დღე“. ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ჩოხატაურში ია ეკალაძე ხელმძღვანელობდა. 1923-1924 წლებში მასწავლებლობდა რაჭაში, 1924-1925 წლებში – თელავში. სიცოცხლის ბოლომდე წერდა პიესებს, რომანებს და ლექსებს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ვიქტორ კეკელიამ.

