კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იაკობ გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი,  გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ―  პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. „როდესაც იაკობი ბინიდან ქაშვეთის ეკლესიაში გადაჰყავდათ, ვეძინის ყოფილ ქუჩაზე უამრავი ხალხი მოსდევდა; შემოხვდა თეთრ ქუდსა და თეთრ ხალათში გამოწყობილი მეფურნე, რომელმაც თვალი მოჰკრა თუ არა თავღია კუბოში ჩასვენებულ იაკობის ცხედარს, ერთი საზარლად შეჰყვირა: „ვაი ჩვენ უბედურებას, ჩვენი „დედა ენის“ დამწერი მომკვდარაო“. მეფურნემ თავისი ფურნე პატარა მსახური ბიჭების ამარა დასტოვა და მწუხარე სახის გამომეტყველებით კუბოს უკანა თავს ხელი მაგრად ჩასჭიდა სახელურში და სხვებთან ერთად შეუცვლელად მიაცილა მიცვალებული ქაშვეთის ეკლესიაში“.1940 წელს გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

იაკობ გოგებაშვილი რომ გარდაიცვალა დაკრძალეს დიდუბეში, სასაფლაოს განაპირას, ეკლესიიდან ცოტა მოშორებით. 1917-1931 წლებში სასაფლაოები, რკინისა და ძვ.ლითონის წარწერა-მესერი-ბიუსტები მრავალგზის დაზიანდა და გაიძარცვა… 1940 წელს იაკობის იუბილეზე გადაწყვიტეს ნეშტის გადასვენება მთაწმინდის პანთეონში და იაკობის საფლავის ზუსტი ადგილის მოძიება შეუძლებელი შეიქმნა. ოცამდე ადამიანი უთითებდა საფლავის სავარაუდო ადგილს, ზუსტად კი ვერავინ. სასაფლაოს იმ მიდამოში და მხარეზე სადაც მისი საფლავი იყო 10-მდე საფლავის გახსნა გადაწყდა. მოიძიეს ადამიანები იაკობის ნეშტის ზუსტი ამოცნობისათვის. ერთერთი მათგანი იყო ახალდაბელი (ვარიანის მიმდებარე სოფელია) მამაკაცი, რომელიც 1912 წელს იაკობის დაკრძალვაზე 6-7 წლის პატარა ბიჭუნა იყო. მოგეხსენებათ იაკობი ხელმოკლე და უშემოსავლო კაცი არ იყო, ყველას მდიდარი ეგონა. აი იმ კაცის მონაყოლო იაკობის დაკრძალვისას პატარა ბიჭი რომ იყო: “იაკობის დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი იყო მოსულიო, მე და მამა ამისთვის სპეციალურად ჩამოვედით გორიდანო. თან დაღლილი და თან პატარა-დაბალი ბიჭი ხალხში რომ არ გავთელილიყავი მამამ კისერზე შემომისვა და ასე ზემოდან დავყურებდი პროცესიასო და იაკობის კუბოს. რამდენჯერმე ქარმა კუბოს სუდარა გადაჰხადა და ახლოდან, თვალნათლივ დავინახეო: იაკობს ფეხზე ეცვა კოჭებთან დახეული წინდები და ქანჩგაცვეთილი-დალეული ძირგახვრეტილი ტუფლებიო”. …საფლავის გახსნისას და 28 წლის წინანდელი ნეშტის ამოსაცნობად ეს წყაროც და გახსენება გამოიყენეს. წყარო: ,,რეალური ისტორია”.
   

იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვა დიდუბის პანთეონში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments