იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ დაბღიშვილი) (დ. 1875, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1940) – სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. 1905-1907წწ. მუშაობდა ბაქოს ნავთობის სარეწებში. 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა პოემა “ანაბაჯის ლექსი”, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა. მას მოჰყვა “ახალი მგოსანი და სიმღერები” (1911), “იეთიმის ახალი ლექსები” (1913), “ტანგო”(1914) და სხვა. 1928 და 1958 წელს გამოსცეს პოეტის “რჩეული ლექსები”. იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

