ილია აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი) – ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958-1968 წწ). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1945-1951 წლებში უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია. 1953 წელს ინიშნება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი, რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა, ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა. ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო, აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

