ილია აგლაძე (აღლაძე) (დ. 1872, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1948, წაღვერი)
ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, გარიცხეს „მგლის ბილეთით“, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. მისი თარგმანები, ფელეტონები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა 1894 წლიდან. 1894-1902 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1908-1910 წლებში აგლაძე „დროებისა“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორია. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მეფის მთავრობა დევნიდა. 1910 წელს დააპატიმრეს. 1917 წლამდე გადასახლებაში იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

