ილარიონ (ილია) გოცირიძე (დ. 15 იანვარი, 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1968, მოსკოვი) – მშენებელი ინჟინერი, მოღვაწეობდა რუსეთში. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933 წლებში მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების, შემდეგ მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1939 წლიდან იყო მოსკოვის მეტრომშენის უფროსი, 1941-1953 — საბჭოთა კავშირის მიმოსვლის გზათა სახალხო კომისრის მოადგილე, 1954-1962 წლებში — სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები Красные ворота და Площадь Маяковского; დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, სტალინური პრემია. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, დახურულ კოლუმბარიუმში, 130-ე სექციის,114-ე ნიშაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ლიუდმილა ტოლსტაიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

