
- ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ისევ და ისევ ლევან ჭიქინაშვილს, ადამიანს, რომელიც სიონში ისევ პატრიარქის სამსახურშია – ყოველდღე მის საფლავთანაა, უვლის და იქაურობას არ შორდება. ამით კი გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავს.
ლევანი ამ ეტაპზე სამების ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია, საპატრიარქოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქის დაცვის წევრი. ყოველდღიურად, სამების ტაძარში დილის მსახურების დასრულებისთანავე, სიონის ტაძარში ჩადის და პატრიარქის საფლავს უვლის. თუ პირველი 40 დღის განმავლობაში მორწმუნეთა უწყვეტი ნაკადი იყო, ახლა ხალხი შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც მოდის.
საფლავის შეცვლის შესახებ, ლევანის ფეისბუქგვერდიდან შევიტყვეთ, რადგან ის მუდმივად აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალას იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ (ცოტა ხნის წინ მასთან გვქონდა კიდეც ამ თემაზე ინტერვიუ). ასე რომ, ამჯერადაც პატრიარქის ერთგული მცველი მოგვაწვდის ახალი საფლავის შესახებ ინფორმაციას.
– გუშინ იყო უწმინდესის გარდაცვალების 199-ე დღე (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ოქტომბერს. – ავტ.) დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიგეგმა ეს ყველაფერი. მამა კირიონი მოვიდა, გავზომეთ, ზომები ავიღეთ, რომ ახალი საფლავი ვიზუალურად მიმსგავსებული ყოფილიყო სამომავლოდ დაახლოებით რა სიმაღლე და ფორმა ექნებოდა საფლავს… ტაძარში მუდმივად ბევრი სტუმარი მოდიოდა – უცხოელებიც, ეპისკოპოსებიც, სხვადასხვა პატრიარქებიც იყვნენ. ისე ხდებოდა, რომ ჯვარი იყო ყვავილებით შემკული და, თუ არ ეტყოდი, მიანიშნებდი, უჭირდათ მიხვედრა უცხოელებს, სტუმრებს თუ დელეგაციებს, კონკრეტულად რას მიახლებოდნენ. იდეა იყო, რომ რაღაც მაინც უნდა დახვედროდათ ზედ, რომ საფლავის ფორმა ჰქონოდა. ამიტომ მამაომ აიღო ზომა და ასეთი ფორმა გააკეთა – რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებით.
– და რა მასალა დაიდგა?
– ხის მასალაა და მერე თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ამ ხის შესაფერისი გადასაფარებელი მოქარგეს… მოკლედ, ჯერ შიდა თეთრი, რძისფერია, რაც მთლიანად გადაეფარა და მერე ზემოდან გადაეფარა ხავერდის შინდისფერი ქსოვილი, სადაც უკვე აწერია: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“. ზედ გამოსახულია სერაფიმებიც, ჯვარიც და ასეთი ფორმა აქვს.
– თუმცა ეს დროებითია და შეიცვლება, ხომ?
– კი, ჯერ ასეთია და მომავალში შეიცვლება… სიმაღლეში 50 სანტიმეტრამდე იქნებაო, ახლა 30-მდეა.
სამომავლოდ ქვის იქნება, ბევრად ლამაზი და ბევრად აღქმადი, რაც პატრიარქს ეკადრება, ლამაზი და ძვირფასი. გუშინ დილის 8 საათზე შევუცვალეთ ეს ყველაფერი და ხალხს, მომსვლელებს, ვიზიტორებს გუშინდელი დღიდან უკვე ახალი საფლავი დახვდათ – ასეთი სახის. უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია. ვეკითხები კიდეც მათ: “რას იტყვით, როგორ მოგწონთ?“ უმეტესობამ – ასე – 500 კაციდან 480-მა – მოიწონა… იმასაც ვეკითხებოდი: “რას იტყვით, ხომ არ არის რამე გამოსასწორებელი, აბა, რას ფიქრობთ-თქო?“ ცოტამ თქვა, ის უფრო ბუნებრივს ჰგავდა, ბევრი ყვავილით რომ იყო დაფენილიო.
რამდენ ხანში გაკეთდება ქვისგან მუდმივი საფლავი, როგორიც არის დაგეგმილი?
– ნათქვამია, რომ 25 დეკემბრამდე, აღსაყდრების დღემდე გაკეთდეს. ამ კითხვას უამრავი ადამიანი მისვამს – ეს საბოლოოა? კიდევ შეიცვლება? მეც, ვინც უშუალოდ ახლოს არის ამ საკითხთან, იმას ვეკითხები. ჯერჯერობით ასეა – 25 დეკემბრამდე უნდა გაკეთდეს უკეთესი, როგორც პატრიარქს ეკადრება.
https://www.ambebi.ge/article/350081-momsvlelebs-ukve-axali-saplavi-daxvdat-umetesob/
