ილია სიხარულიძე (დ. 28 აგვისტო, 1889, სოფ. ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 7 იანვარი, 1963, თბილისი)
პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი (1939).
1909 წელს ჩაირიცხა ხონის ე.წ. „ქუთაისის საოსტატო სემინარიაში“. ყმაწვილის პირველი ლექსი „სიმინდის ყანა“ 1912 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ნაკადულში“. აქედან მოყოლებული, პოეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა საბავშვო ლიტერატურას და არაერთი შესანიშნავი ქმნილებით გაამდიდრა იგი. 1913 წელს დაასრულა საოსტატო სემინარია და მასწავლებლად დაინიშნა აბაშის რაიონის დაბა სუჯუნის ორკლასიან სასწავლებელში, 1916 წლიდან კი ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგია თურქების მიერ ქალაქის აღებამდე. 1918 წელს დიდი გაჭირვებით დააღწია თავი თურქების ტყვეობას, თბილისში გადმოვიდა და მასწავლებლობა დაიწყო. 1919-1925 წლებში სწავლობდა მშობლიური უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. პარალელურად მასწავლებლობდა დედაქალაქეის სხვადასხვა სკოლაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დიდი ამაგი, თბილისის პირველ საშუალო სკოლაზე, სადაც იგი თითქმის თხუთმეტი წელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ამავე დროს ნაყოფიერად იღწვოდა საბავშვო მწერლობაში. 1915 წელს დაიბეჭდა პოეტის ლექსების პირველი კრებული, ილია სიხარულიძე პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა თეორიულ მუშაობასაც. 1932-1939 წლებში ქართული ენის გრამათიკა ჩვენს სკოლებში მისი ხელმძღვანელობით ისწავლებოდა. იგი წლების მანძილზე უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო მწერლობის სექციას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

