ილია ჭავჭავაძე (1837-1907) – მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. 1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. 1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე. 1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთანექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


