იპოლიტე ვართაგავა (ფსევდონიმები: ნეზდეშნის, სალგირ) (დ. 30 იანვარი, 1872, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1967, თბილისი) –
კრიტიკოსი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946).
1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო 1899 წელს — ყაზანის სასულიერო აკადემია. მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარსხი. 1899-1907 წლებში მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის და სიტყვიერების მასწავლებლად; 1907-1918 წლებში იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ენის მასწავლებლად; 1918-1919 წლებში მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლად; 1919-1921 წლებში ამავე საგნის მასწავლებლად მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926 წლებში ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927 წლებში ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928 წლებში ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937 წლიდან ქალაქ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. 1939-1946 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

