ირაკლი ანდრიაძე (1930-2012) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ხარისხის წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი. 1953 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1953-1967 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიკომში, ტრესტებში “მეტალურგმშენი”, “მთავართბილმშენი”, რკინაბეტონის ქარხანასა და “თბილმშენინდუსტრიაში”. 1967-1968 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგე; 1968-1972 წლებში – ტრესტ “საქმშენინდუსტრიის” მთავარი ინჟინერი; 1972-1974 წლებში – თსუ-ის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში, დაუსწრებელი განყოფილების ხელმძღვანელი; 1974-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1980-1985 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987 წლებში – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი; 1987-1991 წლებში – თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1992 წლებში – თბილისის პირველი პრეფექტი და თბილისის პირველი მერი; 1992 წელს – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი; 1992-1995 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; მთიელთა პრობლემების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. 1992-1996 წლებში – საქართველოს გარეთ ქართული ენის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე; 1993-2003 წლებში – სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

