იულია ფაილოძე (1919-2000) –
საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, შორეული ნაოსნობის შტურმანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
იულია ფაილოძე 1919 წელს, ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. 7 კლასის დასრულების შემდეგ იულია ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მასთან ერთად კიდევ 3 გოგო სწავლობდა: ნინო კალანდაძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. 1940 წელს სწავლა დასრულდა და გოგოების გზა ორად გაიყო: იულია და ნინო ვლადივასტოკის სანაოსნოში, შუშანა და ვაიდე კი ბაქოში გაანაწილეს. ოჯახებს სწორედ მაშინ გაუმხილეს, რომ ოთხივენი შორეული ნაოსნობის შტურმანები იყვნენ და ზღვის დაპყრობაზე ოცნებოდნენ. 1945 წელს იულია უდიდეს გემ „ვოიკოვზე“, კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. ომის დასრულების შემდეგ უკვე ოდესაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ყველაზე მეტად კუთვნილი შვებულების მიღება და რამდენიმე წლის უნახავ ოჯახთან ჩასვლა სურდა. ვლადივასტოკში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ „დონბასზე“ კაპიტნის უფროს თანაშემწედ გადაჰყავდათ, საქართველოშიც არ უშვებდნენ. იულიამ ჩვეული პრინციპულობა გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ დაუმორჩილებლობის გამო საყვედური ელოდა, „დონბასზე“ არ გადავიდა. მოგვიანებით ყვითელ ზღვაში შეიტყო, რომ ამ უარმა დაღუპვას გადაარჩინა: „დონბასი“ უკვე მეორედ, ამჯერად ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა. საბოლოოდ იულია ოდესის სანაოსნოში მაინც გადავიდა. მეგობრებს შორის ზღვას ყველაზე დიდხანს შემორჩა. 1948 წელს ხელისუფლების განკარგულებით, ქალებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. „რომ არა ეს ბრძანება და ქალებისთვის მეზღვაურობის აკრძალვა, იულია 3-4 წელიწადში კაპიტანი აუცილებლად გახდებოდა და იქნებოდა არა მარტო შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი შტურმანი ქალი, არამედ პირველი ქართველი ქალი კაპიტანიც“. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგედ.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

