კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იულონ ლომოური (დ. 3 სექტემბერი, 1885, სოფ. არბო, გორი — გ. 26 დეკემბერი, 1966, თბილისი) – აგრონომ-მემცენარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. აგრონომიული ცოდნის მისაღებად სწავლა განაგრძო მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სმოლენსკის გუბერნიაში აგრონომად. 1914 წელს იგი უკვე სამშობლოშია და მოღვაწეობას იწყებს გორის, შემდეგ ბორჩალოს მაზრაში. სოფლად აწყობს საცდელ ნაკვეთებს, მოსახლეობას აძლევს მეცნიერულ რჩევა-დარიგებებს. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, აგზავნის გერმანიაში, სადაც იგი ხელმძღვანელობს მანქანა-იარაღების შეძენა გამოგზავნის საქმეს. 1920 წელს მოიწვიეს აგრონომიულ განყოფილებასთან დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრის პირველ ასისტენტად. ნიშანდობლივია ისიც, რომ დამწყები პედაგოგის საცდელი ლექცია მოიწონა უნივერსიტეტის ფუძემდებელმა და წარუდგინა იგი დიდ სამეცნიერო საბჭოს. 1923-1929 წლებში ი. ლომოური თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით მეცნიერ-მუშაკთა მაღალკვალიფიციური კადრები მომზადდა. საერთოდ ახალგაზრდა თაობის აღზრდას ი. ლომოური ეწეოდა 1920 წლიდან, ჯერ თბილისის უნივერსიტეტში, შემდეგ, 1929 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც განაგებდა მემცენარეობის კათედრას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნოდარ ლომოური (1926-2016) – ისტორიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments