იური სიხარულიძე (დ. 24 მაისი, 1927, გოგოლესუბანი — გ. 30 მაისი, 2022)
ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სოფელ გოგოლესუბნის დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის საბაზო-სანიმუშო სკოლაში, საიდანაც 1940 წელს სასწავლებლად გადაიყვანეს ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის სკოლაში, რომელიც 1944 წელს დაამთავრა, იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტის ბათუმის სასწავლო პუნქტში.
1945 წელს საქართველოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით პარალელურად სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი) და პარალელურად დაინიშნა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1953 წელს იური სიხარულიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გურიის 1841 წლის აჯანყება“.
1954 წელს იგი აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1974 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე. 1979 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ბათუმის სამუზეუმო კვლევითი მუზეუმის ისტორიის განყოფილებას. 1983 წელს იური სიხარულიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინეს, ხოლო 1987 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში, თუმცა ორივე შემთხვევაში დამოუკიდებელ მიზეზთა გამო არ მოხდა არჩევა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო სიხარულიძემ.

