ივანე კავალერიძე (1887-1978) –
დრამატურგი, მოქანდაკე, რეჟისორი, სცენარისტი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი.
დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი 1909 წელს(ქანდაკების განხრით). 1909-1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში; 1912 წელს იყო პ. ტიმანისა და ფ. რეინგარდტის კინოფირმის “რუსული ოქროს სერიის” მხატვარ-დეკორატორი; 1918-1921წწ. სახალხო განათლების უკრაინული დრამის თეატრის რეჟისორი; 1924 წლიდან ხარკოვის ქანდაკების სახელოსნოს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1928-1933წწ. ოდესის კინოფაბრიკის რეჟისორი, 1934-1941წწ. კიევის კინოსტუდიის “УкраинФильм”, 1957-1962წწ. ალ. დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რეჟისორი; 1944 წლიდან კიევის არქიტექტორთა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საკუთარი ფილმების სცენარისტი და მხატვარი; მონაწილეობდა ქანდაკებების: “რევოლუციის მსხვერპლთ”, ტ. შევჩენკოს(ქ. რომნი, უკრაინა), გ. სკოვოროდას, თავადის ქალი ოლგას(კიევი) ქანდაკებების შექმნაში; “იუნესკომ” მას “უკრაინელი მიქელანჯელო” უწოდა; 1920-იან წლებში დაიწყო ექსპერიმენტები კინემატოგრაფიაში; მისი კინოფილმები შევიდა კინოისტორიაში, როგორც ავანგარდული ექსპერიმენტები, რომელიც კინოენისათვის სპეციფიკური პლასტიკური საფუძვლების მორგების მცდელობას წარმოადგენდნენ; კინოსთვის ირჩევდა ეპიკურ, მონუმენტურ სიუჟეტებს, ასეთებია: “ღვართქაფი”(1929), “თხრილი”(1930), “შტურმის ღამეები”(1931), “კოლიივშჩინა”(1933), “პრომეთე”(1935); 1930-იან წლებში დისიდენტად შერაცხეს, ბევრი მისი ფილმი აიკრძალა, ხოლო ზოგიერთი ქანდაკება განადგურდა; მისი თანამშრომლები და სტუდენტები რეპრესირებულნი იყვნენ, თვითონ საერთაშორისო აღიარების წყალობით რეპრესიებს გადაურჩა; მას ეკუთვნის უკრაინის კინემატოგრაფში პირველი კინოფილმ-ოპერები; ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მსახიობების გამოსახულებაზე პროფესიული საოპერო მომღერლების ხმის დადების ხერხი, ამ ხერხით შემდეგ მთელ მსოფლიოში მრავალი ფილმი-ოპერა შეიქმნა;
დაკრძალულია ბაიკოვოს მემორიალურ სასაფლაოზე, კიევი.

