ივანე ბერიტაშვილი (დ. 29 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 იანვარი] 1885, სოფ. ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი ― გ. 29 დეკემბერი, 1974, თბილისი) – ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941 წ.) დამფუძნებელ-აკადემიკოსი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944 წ.) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1935 წ.). იყო ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970 წ.), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959 წ.), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960 წ.), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979 წ.), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969 წ.), ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების (1969 წ.) საპატიო წევრი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

