კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე გომართელი (1875-1938) –
ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან.
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. 1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ ქუთაისში. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო “მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, “ალიონელი”. თანამშრომლობდა ჟურნალ “მოგზაურთან”. 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910წ. დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. აღსანიშნავია მისი პიესები: “ქოხში”(1905), “წამხდარი სისხლი”(1905), რომანი-ქრონიკა “სამი დროება”(1931), კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ.  1921 წელს ჩამოშორდა პოლიტიკას. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. 1923 წელს შვილები გაგზავნა სასწავლებლად საფრანგეთში, რის შემდეგაც ისინი უკან არ დაბრუნებულან. 1924 წელს  ხელისუფლებამ დახვრიტა მისი მეუღლის ორი ნათესავი, ამის გამო 21 სექტემბერს გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც დაგმო აჯანყება და ქართველი ერის ერთადერთ სწორ გზად საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობა მიიჩნია. 1925 წელს გარიცხეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1937-1938 წლებში  მას ბრალდებოდა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური საქმიანობა. მოულოდნელად გარდაიცვალა 1938 წელს საკუთარ სახლში. არსებობს ვერსია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments