ივანე გვარამაძე (1831-1912) – ეთნოლოგი, მწერალი, პუბლიცისტი. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1850 წელს დაარსებული იყო სამონასტრო სასწავლებელი “ფერიქოა”; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში. 1860-იანი წლების დამლევს მღდვლად ეკურთხა; ეწეოდა პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; იგი “ვინმე მესხის” ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს “ივერიაში,” “დროებასა” და “სახალხო ფურცელში”. 1870-ანი წლებიდან მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1882 წელს გამოცემული “ქართლის ცხოვრება”–”სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად” და 1885 წელს გამოცემული “ქართული ენის საუნჯე”. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. დაკრძალულია ახალციხის კათოლიკური მონასტრის ეზოში.

