ივანე როსტომაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1852, სოფ. კურდღელაური, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი)
პედაგოგი, ჟურნალისტი, მწიგნობარი, ენციკლოპედისტი.
1870 წელს შევიდა თბილისის საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუად გადაკეთდა. სწორედ ეს ინსტიტუტი დაამთავრა 1874 წელს და საინგილოში დაინიშნა მასწავლებლად.
საინგილოსა და თელავში გახსნა საკვირაო კურსები მოზრდილთათვის, რომელთაც უფასოდ ასწავლიდა წერა-კითხვას; ახალქალაქში, ფოტოაპარატით ხელში აფიქსირებდა გაქრობის პირას მისულ ძეგლებს. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში.
გამოსცა „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობლებისათვის“, „შინაური საქონელი და მისი გონიერი მოვლა-მოშენება“, „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“, მშვენიერი ალბომი „ქართველთა ტომი“, „ქართული კალენდარი“, „რისგან სნეულდებიან და იხოცებიან ჩვენი ბავშვები“ და სხვა.
ეკუთვნის ენციკლოპედიის გამოცემის პირველი ცდები. მანვე შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიი რამდენიმე ნაკვეთი, თარგმანები და მისივე წინასიტყვაობით გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა თხზულებანი.
ივანე როსტომაშვილს ეკუთვნის ასევე პირველი სახელმძღვანელოები პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, რომლის შესავალი წერილის ავტორია აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.
რევოლუციის შემდეგ ახალქალაქელებმა მიიწვიეს და ახლადგახსნილ გიმნაზიაში პირველი დირექტორობა შესთავაზეს. აქ მან სამი წელი დაჰყო. შემდეგ ცოტა ხნით კახეთშიც იყო და ბოლოს თბილისში, სადაც, ასაკის მიუხედავად, მთლიანად საზოგადოებრივ საქმინობას მიეცა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. საფლავის ქვა გამოკვეთილია იაკობ ნიკოლაძის მიერ.

