ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი; 1846, თბილისი, – 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
ფიზიოლოგი. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ივანე სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე“. იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში.
1873 წელს ივანე თარხნიშვილი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ — პროფესორად. 1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში „თარხანოვის ფენომენად“ იხსენიებენ.
იყო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი.
დაკრძალულია პეტერბურგში.
