ივანე ჭავჭანიძე (დ. 1886, ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. ივლისი, 1946, პარიზი, საფრანგეთი) – პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1918 წ.) ხელმომწერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის სამეურნეო ბიუროში; იყო ცენტრალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, 1920 წლის 8 დეკემბრიდან კი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო; ცხოვრობდა საფრანგეთში და განაგრძობდა პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობას. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

