კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (1847-1919) – საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი, ქველმოქმედი. ალექსანდრე ორბელიანი დაიბადა 1847 წელს ლამისყანაში, იგი სასწავლებლად პეტერბურგის პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, რომელიც 1867 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა. საბოლოოდ იგი გახლდათ შტაბს-კაპიტანი და მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი. 1872 წელს ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანმა ცოლად შეირთო მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. 1876-1877 წლებში ალექსანდრემ დროებით მიატოვა სამხედრო სამსახური და მიუხედავად იმისა, რომ მას სამეურნეო ცოდნა არ ჰქონდა, შეძლო სოფლის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა. ლამისყანელებს ციება მუსრს ავლებდა. მდინარე ქსნიდან გამოყვანილი წყალი სასმელად უვარგისი იყო. მან საკუთარი ხარჯით წყალი გამოიყვანა ტოღანაურის წყაროდან. სოფელში ავადმყოფობამ იკლო. მარიამმა სოფლის ბავშვებისათვის მოაწყო დაწყებითი სკოლა, რომლის ერთადერთი მასწავლებელი თვითონ იყო. ჯამბაკურ-ორბელიანებმა საფუძველი ჩაუყარეს სამედიცინო მომსახურებას. ავადმყოფი ლამისყანელებისთვის მათ თვითონ მიჰყავდათ ექიმი გორიდან ან თბილისიდან და თავადაც მკურნალობდნენ ექიმ გეგე მაღალაშვილის ხელმძღვანელობით. გაჭირვებულებს ყოველთვის ეხმარებოდნენ. სოფელი დიდად ემადლიერებოდა ჯამბაკურ-ორბელიანთა ოჯახს. „ის სულგანათლებული ორბელიანები ბატონები კი არა, სოფლის პატრონები იყვნენო“ – ასე ახასიათებდნენ მხცოვანი ლამისყანელები. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე, ალექსანდრე საზოგადოების დამფუძნებელი, ხოლო მარიამი ნამდვილი წევრი გახდა. მათი უშუალო მხარდაჭერითა და დახმარებით საზოგადოებამ სკოლები გახსნა ატენსა და ლამისყანაში. 1906 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის დაუღალავი მცდელობით, მის მიერვე შეკრებილი ფულით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა. 1917 წლამდე ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანებს არაერთი სტიპენდიანტი ყავდათ ქართულ ვაჟთა სკოლაში, რუსეთის და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და მათი ქველმოქმედება სრულიად საქართველოს მოიცავდა. 1917-1918 წლებში ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანები მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია მამა-პაპის გვერდით თბილისში, სიონის ტაძრში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. მის გვერდით განისვენებს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941) – საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.
                 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted