ჯანრი კაშია (დ. 8 მაისი, 1939, ბათუმი — გ. 11 მარტი, 2012, პარიზი)
ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს ჯანრი კაშია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც დისიდენტურ ჯგუფებს დაუკავშირდა და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გააღწია. 1982 წელს მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში. 1982-1983 წწ. პარიზში მუშაობდა რედაქტორად. 1983-1984 წწ. რადიო „თავისუფლების” (მიუნხენი) ჟურნალისტია, შემდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1983 წლიდან – ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჟურნალ „ივერიის” გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 1984 წელს, ასევე, მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დალავერისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში. 1984-86 წლებში მიწვეული პროფესორი იყო მიუნხენში გერმანიის გაერთიანებისა და ტოტალიტარიზმის შესწავლის საკითხებზე მომუშავე „აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევის ცენტრში“. საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში ჯანრი კაშია დაუახლოვდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს დიპლომატიურ სფეროში მუშაობდა და აქტიურად იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის საკითხებით, კერძოდ, ქართული ანტისაბჭოთა ლიტერატურის თარგმნითა და გავრცელებით. საერთო ინტერესებმა განაპირობეს მათი პიროვნული დაახლოება და საბოლოოდ დაოჯახება. 1986 წლიდან ჯანრი კაშია საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ამ პერიოდში „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, 1987-1992 წწ. იგი რადიო „თავისუფლების” ქართული რედაქციის ოფიციალური კორესპონდენტია პარიზში. 1992 წელს ჯანრი კაშია საფრანგეთის მოქალაქე გახდა.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
