ჯანსუღ კახიძე (დ. 10 იანვარი, 1936 — გ. 7 მარტი, 2002) –
დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.
1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატირია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962-1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965-68 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971-73 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. 1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
გარდაიცვალა 2002 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

