ჯემალ აჯიაშვილი (დ. 23 მარტი, 1944, სენაკი, — გ. 5 იანვარი, 2013, ისრაელი) — ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992, 1995), საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა (2003 წლის 22 იანვარიდან — ვიცე-პრეზიდენტი), ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში. 1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უცხო ენების ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი. 1993 წელს არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ, 1997 წლიდან კი არის ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. დაკრძალულია ისრაელში.

