ირაკლი (კაკი) წერეთელი (დ. 20 ნოემბერი 1881, ქუთაისი — გ. 20 მაისი, 1959, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც გახდა სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, 1904 წელს, ბერლინის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. 1905 წელს, დაბრუნდა მოსკოვში და აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1907 წელს არჩეულ იქნა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს — მე-2 მოწვევის დუმის წევრად, სადაც გაწევრიანდა სოციალურ-დემოკრატიულ ფრაქციაში და ასევე გახდა დუმის აგრარული კომიტეტის წევრი. 1907 წლის დუმის დათხოვნის შემდეგ, მიუსაჯეს ხუთწლიანი კატორღა ციმბირში. გამოუშვეს 1913 წელს. 1917 წელს ჩავიდა პეტროგრადში. აკრიტიკებდა ლენინის „აპრილის თეზისებს“. აპრილის კრიზისის შემდეგ შევიდა პირველი კოალიციური დროებითი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრის პოსტი. 1917 წლის 4 ივნისს, სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების პირველი ყრილობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღლა განაცხადა: „ ამჟამად რუსეთში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობდეს: „მოგვეცით ძალაუფლება, წადით თქვენ და ჩვენ დავიჭერთ თქვენს ადგილს!“ არსებობს მოარული თქმა, იმის თაობაზე, რომ სტალინმა კაკის საკუთარ სახელზე გაურითმა ქართული გინება და თავის გვერდზე მჯდომ ლენინს დააძახებინა: „არის ასეთი პარტია! ეს არის ბოლშევიკების პარტია!“ სტალინმა ათქმევინა, თუ თვითონ წამოსცდა, ლენინის დარბაზიდან წამოსროლილი რეპლიკა ისტორიულ ფრაზად იქცა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში. დაგმო მომხდარი და გააფრთხილა მოძალადენი: „დამპყრობთა პოლიტიკა განუხრელად მიიყვანს მათ ძალაუფლების დაკარგვასთან“. დამფუძნებელი კრების მეოხებით ცდილობდა დიდი რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო. ქართულმა საზოგადოებრიობამ, თავისი თვისტომი „დიდი პოლიტიკოსი“ (თითქოს მას თითი მაინც გაენძრიოს საკუთარი სამშობლოს სიუზერენისაგან თავდახსნაში) მაშინვე ჩააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობის სამსახურში და 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთ–ერთ ხელმძღვანელად გაისტუმრა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რამაც ევროპელთა დიდი გაკვირვება გამოიწვია, თუ რა ხელი ჰქონდა რუსეთის ამ თავგადაკლულ პატრიოტს ქართულ თვითმყოფადობასთან. 1923 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და თავი პარიზს შეაფარა. 1940 წელს ნიუ-იორკში გადავიდა და იქ გარდაიცვალა 1959 წელს. 1973 გადასვენებული იქნა პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.
