მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე (ერისკაცობაში — კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე; დ. 24 აპრილი, 1866, ტობანიერი, ახლანდელი ვანის რაიონი — გ. 3 თებერვალი, 1952, თბილისი)
ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932-1952 წლებში. ღვთისმეტყველების კანდიდატი (1892).
1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.
1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს.
1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.
იყო სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი (1948-იდან). კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“ (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები.
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

