კაპიტონ ნაჭყებია (1902-1973)
მილიციის მე-3 რანგის კომისარი, აფხაზეთის ასსრ შს სახკომი (1941-1942), სსსრ მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსი (1942-1951), თეირანის კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1943),
მერაბ კვიტაშვილის “მემუარებში” მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე თეირანში :
“ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი… მათ შორის იყო ერთი ქართველი – სტალინი–ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო… გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან… მთელი იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიო ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასდროს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც ყველას თუა არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელს და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც”… – ეს ვრცელი ამონარიდი გვიჩვენებს თუ რა როლი დააკისრა II მსოფლიო ომის ამ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

