კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (დ. 9 აპრილი 1864, შორაპნის მაზრა, სოფელი ფუთი — 13 ივნისი 1926, ლევილი, საფრანგეთი) –
ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.
კარლო ჩხეიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1907-1912 და 1912-1917 წლებში კარლო ჩხეიძე იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან ოქტომბრის რევოლუციამდე პერიოდში კარლო ჩხეიძე პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში საბჭო იყო ამიერკავკასიის დროებითი მმართველი ორგანო. 1918 წლის აპრილში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე ეროვნული საბჭოს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა. 1919-1920 წლებში კარლო ჩხეიძე ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პარიზის საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი. ამავე პერიოდში, 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა. ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით ჟენევაში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა. 1924-1925 წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც ლევილში მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებიდან . შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 9 ივნისს თავი მოიკლა. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ . უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. კარლო ჩხეიძე პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: “საქართველოს კვალზე ევროპაში”.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: “საქართველოს კვალზე ევროპაში”.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments