კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928 — გ. 29 ოქტომბერი, 2010) –
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი
1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1949 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

