კირილე ლორთქიფანიძე (დ. 28 სექტემბერი 1839, დიხაშხო — გ. 12 მაისი 1916, ქუთაისი) – მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. წერდა რომანტიულ ხასიათის ლექსებს. თარგმნა რუსული და ევროპული პროზისა და პოეზიის ნიმუშები. 1861 წლის 12 ოქტომბერს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, დააპატიმრეს და კრონშტადტის და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს არეულობის მონაწილე სტუდენტები. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტიდან გარიცხეს, კირილე ლორთქიფანიძე საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ ერთხანს პეტერბურგში დარჩა. ამავე პერიოდში კირილე ლორთქიფანიძემ დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის დაარსებაში.1864 წელს მისი თაოსნობით გამოიცა ქართველ ავტორთა ლექსების პირველი კრებული „ჩონგურის“ სახელწოდებით. რამდენიმე წელიწადში კირილე თბილისში ჩამოვიდა და გარკვეული ხნის განმავლობაში ჟურნალ „კრებულში“ მუშაობდა, ერთხანს რედაქტორობდა კიდეც. 1873-1874 წლებში, ის რედაქტორობდა „დროებას“, შემდეგში კი „შრომას“. 1876 წელს ქუთაისში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე იქაურობას არ გასცილებია. 1878 წლიდან 1907 წლამდე მას სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1894-1904 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი. დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

