კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი; დ. 10 ნოემბერი, 1855, ქვემო ნიქოზი, გორის მაზრა — გ. 27 ივნისი, 1918, მარტყოფი) – ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში. შერაცხულია წმინდანად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს. 1898 წელს კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად და დანიშნეს ქართლ-კახეთის ეპარქიის მეორე ქორეპისკოპოსად. 1901 წელს გადაყვანეს გორის ეპისკოპოსად და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველ ქორეპისკოპოსად. 1906 წელს კირიონი სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც მან დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოღონიერების საქმეში. 1908 წლის ზამთარში კირიონს, რუსეთის სინოდის დადგენილებით დააპატიმრეს მღვდელმქმედების უფლება ჩამოართვეს. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის მთავრობამ 1915 წელს კირიონის დევნა-შევიწროვება შეწყვიტა. მას მღვდელმოქმედების უფლება დაუბრუნეს და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. 1917 წლის 9 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად კრების მიერ არჩეული და დამტკიცებული იქნა ეპისკოპოსი კირიონი. „სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმონდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში … 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში…“ მარტყოფში მოკლული კირიონი ჯერ ანჩისხატში დაასვენეს. დაკრძალეს 7 ივლისს, ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში.
