კიტა აბაშიძე (დ. 16 (28) იანვარი, 1870, სოფელი ლესა, ოზურგეთის მაზრა — გ. 17 (30) დეკემბერი, 1917, თბილისი) — ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი. 1895 წლიდან მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ – მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე –ჭიათურაში. 1896 წლიდან „ივერიის“ თანამშრომელი ხდება. აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზედაც: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, იყო „საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარეობდა ქუთაისის საზოგადოება „სინათლეს“. პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: „ცნობის ფურცელში“, „სახალხო გაზეთსა“ და „დროებაში“. 1901 წლიდან იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავმჯდომარე, შემდეგ კი საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილე გახდა. 1905 წლის რევოლუციის დღეებში აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მომხდარ ყველა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლაში. იგი ერთხანს დააპატიმრს კიდეც და მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი გათავისუფლება პატიმრობიდან. გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული მისივე მეუღლე თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 6 ივლისი, 1876, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1961).