კლავდია დევდარიანი (დ. 20 სექტემბერი, 1910, სოფ. მირონწმინდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 21 მარტი, 2003, თბილისი) – მწერალი, პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1970). დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებელი (1926), შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1930). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხარაგაულში — მასწავლებლად, თბილისში — საქართველოს მწერალთა კავშირში (საბავშვო სექციის მდივანი), საქართველოს განათლების სამინისტროში, მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (სამხატვრო საბჭოს წევრი). 1932 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1934 წელს ჟურნალ „პიონერში“ გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

