კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (დ. 19 თებერვალი, 1878, აბაშის რაიონი, სოფელი წყემი — გ. 1939, პარიზი) –  პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი. სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად კოკი დადიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში აირჩიეს, ჯერ ოცი წლისაც არ იყო. შემდეგ კიდევ ექვსჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე და ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. 1904 წელს „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ იანვარ–თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავადაზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის ეს მზაკვრული გეგმა ჩაიშალა. 1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ „საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან“. 1917 წელს გერმანული წყალქვეშა ნავით შემოტანილი იარაღი მის მამულში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში კოკი დადიანი მსახურობდა ასეულში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და სიკვდილამდე ცხოვრობდა პარიზში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების – „თეთრი გიორგისა“ და „ქართლოსის“ წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. კოკი დადიანი გარდაიცვალა 1939 წელს, პარიზში, აღდგომა დღეს, 61 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტიდან.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments